დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარს შეხვდა

19/04/2017

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან.
დავით ზალკალიანმა კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას, რასაც მოწმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ვიზიტი“ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება საერთაშირისო სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა კუთხით იქ არსებული ვითარების მონიტორინგისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში გატარებულ რეფორმებს, უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა ამ მხრივ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0