მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტთან. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის. ამასთან, დავით ბაქრაძემ ელჩს სახელმწიფო მინისტრს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს შეხვედრისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
დავით ბაქრაძის გაცნობითი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართა
21/10/2016