დადგება დრო, როცა ჩვენც დავინტერესდებით, რა პროგრესი გვაქვს გახმაურებელი საქმეებისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რომელმაც სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავარ პროკურატურაში წერილის გაგზავნის საკითხი შეაფასა. კვაჭანტირაძის თქმით, პრეზიდენტს აბსოლუტური უფლება აქვს მსგავსი ინფორმაცია მოიპოვოს.
“როდესაც პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს ვამტკიცებდით, მან წარმოადგინა პროგრამა, სადაც იგულიხმებოდა მუშაობის გაძლიერება ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, მათ შორის გახმაურებელი საქმეების, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშესაწყობად. შექმნილია ახალი დეპარტამენტი და შოთაძის გადაწყვეტილებაა, რომ ეს დეპარტამენტი ხარისხობრივად და რიცხობრივად გაძლიერდეს. ამ ეტაპზე მე კითხვები არ მაქვს, მაგრამ დადგება დრო, როცა ჩვენც დავინტერესდებით, თუ რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. ამ პერიოდში ალბათ პრეზიდენტსაც უპასუხებენ და არც ჩვენთვის იქნება ინფორმაცია დამალული”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
დადგება დრო, როცა ჩვენც დავინტერესდებით, რა პროგრესი გვაქვს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით
14/01/2016