წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მომხდარ ფაქტზე კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გუშაგზე თავდასხმა საშიშ და აგრესიულ ხასიათს იღებდა და მან ამ აგრესიას ნორმების სრული დაცვით უპასუხა.
„დილის 3:30 საათზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში. გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე, ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში, ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში გაავრცელებს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.
გამოძიების მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
გუშაგი მოიქცა ნორმების დაცვით
24/10/2016