გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

01/12/2016

პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის სამივე მოადგილე და ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შესრულებული სამუშაოები და საჭიროებები, პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი “რაყოფილაგურია”. პროექტი მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას და ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასახელისუფლებო სექტორებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ასევე, მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და ის გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რეგიონებისა და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები; დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები; საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0