თურქული კომპანია “Betareks” – ის დამფუძნებელი ნეჯატ ონერი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლის მიზნით გურიას სტუმრობდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე კომპანია “Betareks” – ის ბათუმის ძაფსაგრეხი ფაბრიკა „ჯეოფიბრესის“ წარმომადგენლებმა გუბერნატორისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ოზურგეთში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ. ისაუბრეს ფაბრიკაში მუშახელის დასაქმებაზე, კოლეჯ „ჰორიზონტში“ დასაქმებულთა გადამზადების შესაძლებლობაზე და რეგიონში ინვესტიციების განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათებიც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ გურიის საინვესტიციო პოტენციალით და ქალაქ ოზურგეთში გეგმავენ ძაფსაგრეხი და სამღებრო კომპლექსის აშენებას. აქედან გამომდინარე პირველ ეტაპზე 50 – მდე ადგილობრივი, ბათუმში არსებულ „ჯეოფიბრესის“ ფაბრიკაში დასაქმდება, გაივლიან პრაქტიკას და მას შემდეგ რაც ოზურგეთში გაიხსნება საწარმო, როგორც კვალიფიციური კადრები უკვე აქ გააგრძელებენ მუშაობას. რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს და ჩვენ პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში კომპანიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – განაცხადა გია სალუქვაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” მოინახულეს, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება მოხდება. კომპანია „ჯეოფიბრესი“ ბათუმში თამარის დასახლებაში მდებარეობს. აღნიშნული ფაბრიკა ფიბრულ ე.წ მეტალო ძაფების წარმოებასა და რეალიზებას ეწევა. მის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ძაფი სპეცქსოვილებში გამოიყენება და მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა არსებობს. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და ადმინისტრაციის თანამშრომელი ვახო გველებიანი დაესწრნენ.
გურიის საინვესტიციო პოტენციალით თურქი ინვესტორები დაინტერესდნენ
30/11/2016