საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გურიის რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“ ეწვია. მინისტრის მოადგილემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, მოინახულა კოლეჯის ლაბორატორიები და შეხვდა მომზადება-გადამზადების ახალი პროგრამების (ელექტროობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით) სტუდენტებს, რომლებთანაც პროგრამის მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრისას, ზურაბ ნასარაიამ მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში კოლეჯის უმნიშვნელოვანეს როლზე და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი მსხვილი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნება პროფესიული განათლების ჩართულობისა და ქსელის გაფართოების გარეშე. კერძო სექტორთან შეხვედრისას გამოიკვეთა სასტუმრო „პარაგრაფთან“ თანამშრომლობის გაფართოებისა და კურორტი ბახმაროს განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისა და მისი ახალ ეტაპზე გადასვლის საჭიროება. შეხვედრიდან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა დარგის უცხოელი ინვესტორები, გამოიკვეთა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების დაგეგმვა-განხორციელების აუცილებლობა რიგი მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინჟინერია და ინფრაქტუქტურის მშენებლობა, სამკერვალო საქმისწარმოება და ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რეგიონში პროფესიული განათლების ქსელის გაფართოებაზე. ამჟამად, რეგიონში ორი ახალ ლოკაციაზე მიმდინარეობს კოლეჯის „ჰორიზონტის“ განყოფილებების (ფილიალები) მშენებლობა. გორაბერეჟოულში უკვე დაწყებულია 90 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და სტუდენტებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს. ამასთან, დაგეგმვის პროცესშია 110 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის (ფილიალი) მშენებლობა ჩოხატაურში, სადაც ტურიზმის, სასტუმრო მომსახურების, გადამუშავებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იგეგმება პროგრამების ამუშავება. მინისტრის მოადგილის ინიციატივით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების ხელშეწყობა საჯარო სკოლის ბაზაზეც, რისი პილოტირების პროცესშიც გურიის სკოლების ჩაერთვებიან. გარდა აღნიშნული ინიციატივებისა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება კოლეჯის „ჰორიზონტის“ ოზურგეთის ბაზაზეც. წლის ბოლოსთვის დასრულდება კოლეჯის დამხმარე შენობის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა პროფესიის სახელოსნოები და ლაბორატორიები გაიხსნება, რაც კოლეჯს დამატებითი პროფესიული პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება
10/02/2020