გურიის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. საერთო კრებები ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიანთის, ციხისფერდის, მერიის, ნაღობილევის და ხვარბეთის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფელ გურიანთის მოსახლეობამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის შენობის და სტადიონის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხოლო ციხისფერდის მოსახლებამ პრიორიტეტად წყლის ჭაბურღილის მოწყობა, სასაფლაოს ეზოს შეღობვა, მოსაცდელის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი აირჩია.
მერიაში ადგილობრივებმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტი შეარჩიეს: გარე განათების მონტაჟი, სასაფლაოს შეღობვა, ორ უბანში ბეტონის გზის მოწყობა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.
ჭახვათას დასახლების მაცხოვრებლებმა გათვალისწინებული თანხის ფარგლებში წყლის საქაჩი მოწყობილობის შეძენა, სტადიონის კეთილმოწყობა და გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტეს.
ნაღობილევში გამართულ შეხვედრაზე მთავარი მოთხოვნა გახლდათ სასაფლაოს შეღობვა, შიდა გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღში იატაკის შეკეთება და ჭაბურღილის მოწყობა.
ხვარბეთში ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზები მოეწყობა.
გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
06/02/2019