გუდაურში მორიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

14/12/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით გუდაურში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ყველა იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ, რათა გუდაურში ჩამოსულ ტურისტებს კომფორტული დასვენებისთვის შესაბამისი პირობები შეუქმნან.
შეხვედრის მონაწილეებმა ის საჭიროებები განიხილეს, რომელთა უზრუნველყოფა წარმატებული სათხილამურო სეზონის აუცილებელი წინაპირობაა. ძირითად პრიორიტეტებად კურორტზე საცობების განტვირთვა და პარკირების მოწესრიგება რჩება. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს. ისაუბრეს დამატებითი პარკირების სივრცეების მოწყობის აუცილებლობაზე და ალტერნატიული ლოკაციებიც მოინახულეს.
უწყებათაშორისი შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კურორტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის თემებზე. აღსანიშნავია, რომ გუდაურში კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება. მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის მონტაჟიც. შეხვედრაზე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურისტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის საკითხი. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობის ზრდის საჭიროებაზე ისაუბრეს და შესაბამისი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. საკოორდინაციო შეხვედრა გუდაურში, მიმდინარე სეზონზე უკვე მეორედ ჩატარდა. შეხვედრების მიზანია სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0