ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფელ დისველში სტიქიის შედეგებს გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
24 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში იმყოფებოდა. პაატა ხიზანაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში – ტანძიაში, აკაურთსა და დისველში მიწის სავარგულები დააზიანა, საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა სოფელ ძველ ქვეშში, ხოლო ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. სტიქიური მოვლენების შედეგების შესწავლის მიზნით მუნიციპალიტეტში მოქმედი სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე და შესაბამის აუდიტთან ერთად შეისწავლის ყველა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას, რის შემდეგაც დაზარალებულ მოსახლეობას მატერიალური დახმარება გაეწევა.
მხარის გუბერნატორთან შეხვედრისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების, წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემების მოწყობის საჭიროებაზეც. პაატა ხიზანაშვილმა მოსახლეობის მოსაზრებები დიალოგის რეჟიმში განიხილა.
გუბერნატორი სოფელ დისველში სტიქიის შედეგებს გაეცნო
25/07/2016