გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე

08/02/2022

„ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე და ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარი მყარდება და ამ ტენდენციის მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება, არამედ ამის საფუძველი რამდენიმე გარემოების ერთობლიობამ შექმნა.

„პირველ რიგში, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 10,6% შეადგინა, ასევე, ცენტრალური ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა (8%-დან 10.5%-მდე). მოგეხსენებათ, იანვარში შემცირდა ფულადი მასა (M2) დაახლოებით 700 მილიონით. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ფულადი გადმორიცხვები და გაზრდილია ექსპორტი. არსებობს კიდევ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნაში არის მაღალი დოლარიზაცია, იმპორტდამოკიდებულება და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად გადაეცემა პირდაპირ ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში და როდესაც ლარის გამყარება ხდება, ეს თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლარის გამყარება ფასებზეც დადებითად აისახება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0