გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

17/11/2021

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე. გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი სოფლები დაცლის პირასაა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდებოდა.
ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას.
საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიანი მონაკვეთის 6 კილომეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები. ვინაიდან არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები). პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მილიონი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0