ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული ”შესატყვისად” დაისჯება. როგორც ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პოლიცია მოქმედებდა თანმიმდევრულად და არ შეიძლება პირველივე ჭორზე პოლიციის თანამშრომლის დაკავება.
”სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოების მიმართ კითხვას, მე მგონი თანმიმდევრულები იყვნენ. პოლიციამაც არ შეიძლება თანამშრომელი ჭორებზე და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს. საუბედუროდ, სანამ თანმიმდევრობით მიმდინარეობდა პროცედურა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გპირდებით, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვის პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გარღმავდეს.
”საკმარისი არ იყო, თუმცა კარგი იყო რაც გაკეთდა. საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს. პოლიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა, გარდაიქმნა, ხალხის სამსახურშია და მადლობა უნდა გადავუხადოთ. გადაცდომები არ უნდა გავავრცელოთ ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. თვითონ მინისტრიც მთლიანად მოწოდებულია, რომ პოლიცია იყოს ხალხის სამსახურში. საქართველო ”ნაციონალური მოძრაობის” დროს 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანაში შედიოდა. დღეს საქართველო ყველაზე უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყნებში არის მე-17 ადგილზე. დღეს საქართველო არის საამაყო ადგილზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.