სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – ლიტვას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და სოფლად განვითარების პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ,,ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” (ENPARD II) ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული ნარჩენების შედეგად წარმოებული ბიოგაზის გამოყენების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.
გიედრიუს პუოჯუნასმა ბიოგაზის წარმოება/გამოყენების მიმართულებით ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილებას ხაზი გაუსვა და ქართულ მხარეს ამ კუთხით პრაქტიკული დახმარების გაწევა შესთავაზა. ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ბიოგაზი ფართოდ გამოიყენება და ყურადღება გაამახვილა ბიომასისგან მიღებულ ენერგიის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ლიტვას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება და ერთობლივი პროექტებიც განხორციელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ლიტვის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გოჩა ცოფურაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
07/07/2016