გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

12/05/2024

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში გამართა და მოსახლეობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.

“საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ფაქტობრივად გადის ბოლოში, ჩვენ, 10 შეხვედრა გავმართეთ, სადაც საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით და განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი. დეტალურად გვქონდა მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სხვა ინტერესის სფეროში მყოფი საკითხებიც განვიხილეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. 5 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით და სრული მხარდაჭერაა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ. ჩვენს კომისიას დარჩა მუშაობის კიდევ რამდენიმე დღე და საბოლოო ჯამში, პარლამენტს მოვახსენებთ ჩვენი მოქალაქეების განწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების ეს ხმა გაიგოს ასევე ოპოზიციამ, რომლის ხმებიც საჭირო არის, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულ იქნას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ 113 ხმით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გორში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კონსტიტუციური კანონპროექტების შესახებ ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0