ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად დახმარების კონკრეტული წინადადებებით ჩავიდა.
„ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია ფერმერების გაღიზიანება და ემოციური ფონი. ჩვენ შევძელით მყისიერი დახმარების რესურსის მობილიზება, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.
გვქონდა შეხვედრა საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ინდივიდუალურად განიხილონ ყველას საქმე და მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ასე, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია.
ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საკითხების განხილვა და მოლაპარაკებები სპეციალური პროგრამების ამოქმედების თაობაზე.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მიწის რეგისტრაციის თემაზე. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ პრიორიტეტად განიხილავს. ასევე მინდა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზღვევა არის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის გარანტია. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და 2020 წელს მაქსიმალურად იქნება ფერმერების ინტერესებზე მორგებული. იმისათვის, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია საყოველთაო ელემენტის შემოტანა. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პაკეტი და, ასევე, გაგრძელდება სახელმწიფოს კომპონენტიც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა გორში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრაზე.