გორის ციხეზე არქეოლოგიური და სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო მოეწყობა ბილიკები, დაიტვირთება ისტორიული და შემეცნებითი ატრაქციებით, ასევე დაგეგმილია მუზეუმის მოწყობაც. პროექტის დასრულების შემდეგ გორის ციხე გაცილებით მეტ მნიშვნელობას შეიძენს და მრავალფეროვანი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლებისთვის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გორის ციხის ტერიტორია და ადგილზე განიხილეს მუზეუმის სავარაუდო სპეციფიკა და მისი დატვირთვა.
“ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გორის ციხე გორელებს და ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. პარალელურად მიმდინარეობს ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ შევქმნათ კიდევ ერთი ახალი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი ადგილი, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის. ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გორში არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი თუ ადგილია და აუცილებელია მაქსიმალურად ავითვისოთ. დღეს მუზეუმის კონცეფციაზე ვისაუბრეთ, გვაქვს რამდენიმე იდეა და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით მალე განვახორციელებთ” – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორის ციხეს რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით უტარდება.