გორის მუნიციპალიტეტში 300 მლნ ევრო დაიხარჯება

25/10/2016

გორის მუნიციპალიტეტში 300 მლნ.ევროს ინვესტიცია ჩაიდება, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელძღვანელმა ტომაშ მაკოვსკიმ ისაუბრეს. პროექტები განხორციელდება განათლების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მყარი ნარჩენების მართვის, სასათბურე მეურნეობის, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის კუთხით. ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად გორში იმყოფებოდა პოლონეთის დელეგაცია ექს პრემიერ კაჟიმიეჟ მარჩინკიევიჩის ხელმძღვანელობით. პოლონეთის ქალაქებისა და გამგეობის ხელმძღვანელებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტს პოლონეთი თავის გამოცდილებას გაუზიარებს და მათ მიერ უკვე გამოცდილ ძვირადღირებულ პროექტებს უსასყიდლოდ გადმოსცემს. პროექტები განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. „ჩვენ ვსტუმრობდით საკმაოდ მნიშვნელოვან დელეგაციას პოლონეთიდან ექს პრემიერის ხელმძღვანელობით, მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას.“ – დავით ონიაშვილი. „ გვინდა პოლონეთის გამოცდილება თქვენ გაგიზიაროთ, ის პროექტები, რაც ჩვენთან უკვე განხორციელდა და წარმატებით იმუშავა, პოლონური მხარე გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გორში განსახორციელებელ პროექტებზე იმუშავებს. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი. საქართველოს მთავარი ქალაქებია თბილისი და ბათუმი, გორი საქართველოს ცენტრია, ამის გამო საპილოტე პროგრამები სწორედ აქ განხორციელდება.“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ტომაშ მაკოვსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0