გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ატენისა და თეძამის ხეობების პერსპექტივებისა და განვითარების შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კავკასიის ბუნების ფონდის – WWF მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო განხილული ატენისა და თეძამის ხეობის უნიკალური ლანდშაფტი, ბიო მრავალფეროვნება, ეკოსისტემა და ტურისტული პოტენციალი.
პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში შერჩეული ტერიტორიების ადგილზე შესწავლა-შეფასების საფუძველზე, კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოება და ატენის აღკვეთილის დაარსება. კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში – არსებული ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოება, მდინარეების თეძამის და კავთურას ხეობების ზემო ნაწილში, დაახლოებით 10 000 ჰა ფართობ ტერიტორიაზე. ხოლო გორის მუნიციპალიტეტში, ატენის და თეძამის ხეობებში გეგმარებითი დაცული ტერიტორიების სავარაუდო ფართობია 25 811 ჰა, ხოლო ატენის აღკვეთილის – 11080 ჰა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას იძლევა უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვას, აღდგენას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას. ასევე, ხელს შეუწყობს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას დაცულ ტერიტორიებზე.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზადაა კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან თუ გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან, რათა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს ტერიტორიებისთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტა და შემდგომი განვითარება.
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს
17/12/2019