ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა, მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად გააცნო საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებული აქტივობები, ასევე ისაუბრა იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა.
გოგი მეშველიანი პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია- ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დანიშნულ პირთა რაოდენობაზე შეზღუდვის მოხსნას, ცვლილება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კი ეხება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრებისთვის სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნას.
ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა საზოგადოებას ინფორმაცია სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა.
როგორც გოგი მეშველიანმა აღნიშნა, ის აქტიურად გააგრძელებს მოქალაქეებთან შეხვედრებს, მათი საჭიროებების კვლებას, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებში თვითმმართველობის მხარდაჭერასა და მოსახლეობის ინფორმირებას გაწეული საქმიანობის შესახებ.
ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის საქმიანობის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო. მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი მეშველიანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გოგი მეშველიანმა, მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
14/02/2019