„გლობალური ინოვაციების ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველო 9 პუნქტით დაწინაურდა და მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა“ – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ ჟურნალისტებს ტექნოპარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„ეს არის ძალიან კარგი ფაქტი, რადგან საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც სწრაფი განვითარება განახორციელეს ინოვაციების მიმართულებით და აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრ პარამეტრში მოხდა ქვეყნის მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენ გავუსწარით ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბრაზილია, ყაზახეთი, ინდოეთი და ასევე სხვა ქვეყნები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 2015 წლის მონაცემები. დარწმუნებულები ვართ, რომ 2016 წლის მონაცემები, რომელიც შემდეგ წელს შეჯამდება, საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოუტანს გლობალურ ინოვაციების ინდექსში“ – აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.
მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, აქვთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ორი წლის წინ დაფუძნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ამის შემდეგ მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას – იხსნება ლაბორატორიები უნივერსიტეტების ბაზაზე, ხორციელდება სპეციალური პროგრამები უნარების გადამზადების მიმართულებით, საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა „სტარტაპ საქართველო.“ ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პოზიციები გლობალურ რეიტინგებში, მათ შორის ამ რეიტინგში, გაუმჯობესდა“ – განაცხადა ქაშიბაძემ. მისივე თქმით, სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა მომავლის პროფესიების მიმართულებით ტრენინგების ჩატარება, რომლის საფუძველზეც გადამზადდა 5000-მდე ახალგაზრდა, ასევე 2015 წლის განმავლობაში მოხდა 17 ინოვაციური სტარტაპისთვის გრანტების გაცემა, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 750 000 ლარს. ამის საფუძველზე მოხდა ინოვაციური კომპანიების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგიერთი ქართული ინოვაციური პროდუქტის ექსპორტზე გატანა.
გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, კორნელის უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა INSEAD 2007 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი პროფესიონალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სხვა პირებისთვის წამყვან ინსტრუმენტს წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ინოვაციების განვითარების ხარისხის იდენტიფიცირებისთვის.
მთლიანობაში ინდექსის მიხედვით ფასდება ეკონომიკური რეფორმები, ინსტიტუციური რეფორმები, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე კვლევების და განვითარების ხარისხი, თუ რამდენად ინტენსიურად ხდება კვლევების კომერციალიზაცია და რამდენად დიდი ინვესტიცია იდება კვლევებსა და განვითარებაში. ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კრეატიული ინდუსტრიების განვითარება, კრეატიული პროდუქტების ექსპორტი და სხვა მონაცემები. მისი განცხადებით, ჯამში, ეს არის კომპლექსური ქმედებები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებისთვის და საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა ამ კუთხით.
ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, მომავალი წლის ინდექსში შევა მონაცემები, რომელიც ასახავს წელს განხორციელებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს. „ეს არის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე ბიოტექნოლოგიების ცენტრზე მიმდინარე მუშაობა, წელს გახსნილი და მოქმედი რვა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, ასევე მინიტექნოპარკის პროექტი და ინოვაციების ცენტრების შექმნა ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომლებიც აუცილებლად აისახება მომავალი წლის ინდექსში“ – აღნიშნა ქაშიბაძემ.
გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდ კომპონენტისგან შედგება. ესენია: ინსტიტუციონალური რეფორმები, რომელიც მოიცავს ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოს, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინოვაციების ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარების დონე და შემოქმედებითი მიღწევები. 2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის პირველ ხუთეულში შევიდა შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი.
გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო 9 პუნქტით დაწინაურდა
18/08/2016