გიორგი ჩიქოვანმა თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა

28/06/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა – მათ მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს ინოვაციების, საინტერესო ტექნოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.

„ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერეციის“ მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის და ამ სექტორში არსებული პერსპექტივების გაცნობა სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს (საქართველოს სახელმიწფო ენერგეოსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადისტრიბუციო კომპანია, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიები) და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

„ენერგეტიკის დარგები საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება, გვაქვს გამოწვევები და მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა ჩართული იყოს მაქსიმალურად, გაიზარდონ პროფესიონალურად, მიიღონ შესაბამისი განათლება, რომელიც ადეკვატური იქნება მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევებისთვის, მათ შორის განახლებადი ენერგიების, სუფთა ენერგიების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მთავარ პრიორიტეტებზე. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით: „ppp ფარგლებში იქნება ახალი კანონი შემოსული რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო ვალდებულებებს და ჩართვას. განახლებად ენერგიებში ახალი არ გამოგვიგონია მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ ეს იქნება ჰიდრო, მზე, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალ ბაზარზე გვექნება ახალი მექანიზმი“.

კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკული პროგრამის მქონე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით სადისკუსიო პანელის გაიმართა, სადაც სტუდენტებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც მათ წინაშე დგას ენერგოსექტორში დასაქმების თავლსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0