გიორგი მღებრიშვილმა დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა

27/09/2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მესაზღვრეები ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, წინასწარი ინფორმაციით, გაზის ბალონის აალების შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა – თამაზ ბეროშვილმა, არჩილ რამინაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაშავებული მესაზღვრეების სამედიცინო მომსახურების ხარჯს სრულად აანაზღაურებს. ამავე ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-2 ჯგუფის სპეციალისტი, უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქ რუსთავში, დაღუპული მესაზღვრის ოჯახში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0