გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტს შეხვდა

18/07/2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა და სამუშაო სადილზე უმასპინძლა შრი-ლანკის პრეზიდენტს მაითრიპალა შირისენას, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით, OPG -ის მე-5 გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, შრი-ლანკის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში გამორჩეული მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, მით უფრო, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა შრი-ლანკის პრეზიდენტს მე-5 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრი- ლანკასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას სამხრეთ აზიაში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შრი-ლანკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა მზადყოფნა დაიწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებში, ვაჭრობაში და ეკონომიკაში, ტურიზმში, კულტურაში, განათლებასა და ხალხებს შორის ურთიერთობაში.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, რომ გაღრმავდეს და განვითარდეს სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის ურთიერთობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0