პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში თებერვლის დასაწყისში უნდა წარდგეს, თუმცა, გასულ წლებში, ის უწყებას 21 თებერვალსა და 31 მარტს ესტუმრა.
პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის პროცედურას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება, მაგრამ შესაძლოა, პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი კონსულტაციების შედეგად გადაწყდეს.
რაც შეეხება მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტში პრეზიდენტის არცერთ გამოსვლას არ დასწრებიან. მინისტრები მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუციით, მათ სხდომაზე დასწრების უფლებამოსილება არ ჰქონდათ. ვინაიდან, ახალმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია თუ როგორი იქნება, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.