საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
“საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრისას, რომელიც ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართა.
საქართველო – ლიტვის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა – საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიაში.
შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
30/03/2017