გიორგი მარგველაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

07/11/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს პაოლო ჯენტილონის შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.
მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის განათლების, სამეცნიერო და კულტურის, სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იტალიის პირველ დიპლომატს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს იტალიის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური და საპარლამენტო მდივნები ფიქრია ჩიხრაძე და ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0