გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდ

18/02/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სრული და აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიებას იმედის თვალით უყურებენ მსხვერპლთა ოჯახები და პროკურორს, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვების პროცესში შეუძლია, ჰქონდეს ქართული მხარის სრული თანამშრომლობის იმედი.
ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0