გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

14/09/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა – უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიებს ეფექტიან ფუნქციონირებაში.

„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდია სადამკვირვებლო მისიის როლი ამ პროცესში. წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
PACE-ს წინასაარჩევნო მისიას ხელმძღვანელობს ემანუელის ზინგერისი – ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD). მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჟორდი ჩუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგ გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; ასევე საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები – ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან, შვედი კერსტინ ლუნდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).
PACE ასევე გეგმავს 32-წევრიანი დელეგაციის გამოგზავნას არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის დასაკვირვებლად.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0