გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

30/11/2016

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს (Manfred Weber) შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების გზებს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიური წვლილის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის.
მანფრედ ვებერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება.
გიორგი კვირიკაშვილმა მანფრედ ვებერს საქართველოს სწრაფი განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ რეფორმას, პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0