საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მათ შორის, ხაზი გაესვა უკვე დასრულებულ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ როლს ასრულებს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონისთვის.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ენერგოტრანზიტის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას, ასევე – სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ზრდის დინამიკას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა ახალი შესაძლებლობების მომტანი და უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის.
გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
23/01/2018