საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ 20 სტუდენტს შეხვდა, რომლებიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ისინი შეიძენენ, ქვეყანას გამოადგება.
პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი ფაქტობრივად აღიარა ისეთმა პროგრამებმა, როგორიცაა „ფულბრაიტი“; თანადაფინანსების სქემაში ჩაერთო საფრანგეთი და სავარაუდოდ ანალოგიურ გადაწყვეტილებას გერმანიაც მიიღებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სწორი იყო გადაწყვეტილება, რომლითაც სტუდენტებს, სწავლის დასრულების შემდეგ, საჯარო სექტორში დასაქმების ვალდებულება მოეხსნათ.
„თუმცა, ჩვენ საჯარო სექტორში თითოეულ თქვენგანს მივესალმებით. უბრალოდ, არ გვინდოდა, ეს ვალდებულება ყოფილიყო, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორში დაბრუნების შემთხვევაშიც თქვენ შექმნით მნიშვნელოვან ფასეულობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არის ასევე დიდი გამოწვევა თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც ძალიან დიდი წარმატებით გაართმევთ თავს. როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში თქვენი მთავარი პრომოუტერები ვიქნებით ჩვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან დიდი შენაძენი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდებს საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და, შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, ახლგაზრდებს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართიც მისცა.
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლევან ბატიაშვილი გამოვიდა წინადადებით, იმ სტუდენტებმა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, სადოქტორო ნაშრომის თემად საქართველო აირჩიონ. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ იდეას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით ღრმა კვლევების განხორციელებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ, როგორც ინფორმაციის წვდომის, ადამიანური რესურსის დახმარების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტზე სასწავლებლად მიემგზავრება ვიოლეტა ასლანოვა, რომელიც ელექტრონული მმართველობის სისტემით არის დაინტერესებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან საჭირო პროფესია და ისაუბრა მთავრობის ერთიანი ფრონტოფისის შექმნის კომპლექსური რეფორმის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი დღეს ფიზიკურ პირებს უწევს, ყველა იურიდიულ პირზე გავრცელდება და ნებისმიერი სერვისის მიღება ფიზიკურად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით იქნება შესაძლებელი. პარალელურად, შეიქმნება ციფრული სივრცე, სადაც, ელექტრონული მმართველობის პროგრამის პლატფორმის ქვეშ, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება.
პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ურჩია, გაანაწილონ დრო სწავლაზე, დასვენებასა და იმ ქვეყნის შეცნობაზე, სადაც მიემგზავრებიან, რათა საუკეთესო შედეგი მიიღონ.
„დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული. იცოდეთ, რომ თქვენი ქვეყანა გელოდებათ სულმოუთქმელად, როდის დაბრუნდებით და ჩაერთვებით იმ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესში, რომლის ძალიან სერიოზული გეგმები ჩვენს გუნდს აქვს. გპირდებით, დაგხვდებათ საქართველო, საზოგადოება, რომელიც იქნება ნაკლებად კონფრონტაციული, გაცილებით მეტად ორიენტირებული უკეთესი მომავლის შენებაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, როგორც განათლების, ისე ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალ ოთხ წელიწადში ვგეგმავთ, 5 მილიარდ დოლარამდე დამატებითი რესურსი დაიხარჯოს ქვეყნის მოდერნიზებაში და ეს იყოს არა ისეთი ფული, რომელიც პოპულისტურ პროექტებში დაიხარჯება, არამედ თითოეული დოლარი დაიხარჯოს ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტებში. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია და დამერწმუნეთ, ამ პროცესში ყველა თქვენგანის ცოდნა და გამოცდილება გამოსადეგი იქნება“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.
საუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე, არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე წელს 134 სტიპენდიას გასცემს, რისთვისაც ჯამურად, 5,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამასთანავე, განათლების საერთაშორისო ცენტრი საგრანტო პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 130 ათასი ლარია. პროგრამის ფარგლებში, 7 ათას ლარამდე გრანტის მოპოვება იქნება შესაძლებელი.
გიორგი კვირიკაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ 20 სტუდენტს შეხვდა
24/08/2016