გიორგი კაკაურიძემ, დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო

13/06/2019

საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო – რეგიონების“ გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს. მომხსენებელმა დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო და ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ბიუჯეტის შემოსულობებზე, მათ ხარჯვით ნაწილსა და ფინანსურ ინდიკატორებზე ისაუბრა. ფრაქციების გაერთიანებული სხდომა ინტერაქტიულად გაგრძელდა. პარლამენტის წევრებმა გიორგი კაკაურიძეს ბიუჯეტის დაგეგმვის და შემდგომ მის შესრულებასთან დაკავშირებით მწვავე კითხვები დაუსვეს და მთელ რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები მოითხოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატები შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხებით, ე.წ. „ოქროს სიის“ – იმპორტის გადასახადის გადახდისთვის დაწესებული შეღავათების ვადის შემცირების საკითხით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების და წლების წინ მთავრობის მიერ გაცემული პირობების შესრულების საკითხებით დაინტერესდნენ.
პარლამენტის წევრების შეკითხვები სამომხმარებლო სესხების ხელმისაწვდომობის შემცირებაზე, სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებლებზე, პენსიის მატების, ასევე ომის ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დანამატების საკითხებს შეეხებოდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პასუხის გაცემა პროფესიული და ზოგადი განათლების მიმართულებებზე, ასევე სტუდენტებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების თემებზე მოუწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0