გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28/03/2023

გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსებში ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც 1 აპრილიდან შევა ძალაში, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

”სამუშაო შეხვედრაზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილესთან ერთად, განვიხილეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის საფუძველზეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები განხილული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ეხება უნებართვოდ მშენებლობას, სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევასა და მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის საკითხებს” – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს განსახილველი გახდება შემდეგი საკითხები:
სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, ტერიტორიის იერსახის დამახინჯება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა და არასათანადო რეკლამის განთავსება;
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილე, მამუკა ჯაყელი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, მერიების სხვადასხვა სამსახურის უფროსები და რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0