გიორგი გახარია შინდისის გმირებზე – ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები

28/09/2019

მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები, 17 ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც მტერთან ბრძოლას, სამშობლოს დასაცავად შესწირა თავისი სიცოცხლე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეჟისორ დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის „შინდისის” ჩვენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბერს ამ ფილმის პრემიერას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და შეიგრძნოს. მინდა თითოეულ იმ მოსახლეს, ვინც იმ სოფელში ცხოვრობდა და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, მათაც მადლობა გადავუხადო. მსგავსი გმირული ქმედებები აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხსოვნის დღე იმ ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კინოთეატრ “ამირანში” გამართულ ჩვენებას მთავრობის წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ.
დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0