გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა

17/09/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც 2019 წელს შედგა, დამატებითი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის და ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, საუდის არაბეთთან ბიზნეს და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოვოს და მიესალმება საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზრებზე კიდევ მეტი ინვესტორის შემოსვლას. ხაზი გაესვა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ასევე კერძო ბიზნესის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველომ 2019 წელს უმასპინძლა 75 000-ზე მეტ ვიზიტორს საუდის არაბეთიდან, რაც 45%-იანი ზრდაა წინა პერიოდთან შედარებით. აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მაჩვენებლის გაორმაგების რესურსი გააჩნია, რადგან საქართველოს მიმართ საუდის არაბეთის მოქალაქეების ინტერესი დიდია. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო ასევე თავისუფალი ვაჭრობის საკითხს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და GCC- ს (Gulf Cooperation Council) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება სამომავლოდ ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0