გიორგი გახარია საინჟინრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

28/12/2016

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი საინჟინრო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ,,გლობალური ინჟინერიის აკადემიის’’ ერთკვირიან პროგრამაში. ალექსანდრე ხოხიაშვილს და ანი შუბლაძეს დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა და მათ მიერ შექმნილ საინჟინრო პროექტებს გაეცნო. გიორგი გახარიამ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა. მოსწავლეებთან შეხვედრას ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ. ალექსანდრე ხოხიაშვილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 119-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, ხოლო ასევე მე-11 კლასელი ანა შუბლაძე ბათუმის საერო ელიტარულ სკოლა „გორდაში“ სწავლობს. ხოხიაშვილი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ინოვაციების კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრია (პროექტი „პროცესორიდან ნეირონამდე“), ხოლო შუბლაძე – ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ფინალისტია (პროექტი „გაჟონვის აღმკვეთი მოდული“). „ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ პროექტი „პროცესორიდან ნეიორონამდე.“ ეს არის ძალიან მარტივ დონეზე აწყობილი სისტემა, რომელსაც პროგრამის დაწერის ნაცვლად ნებისმიერი მოწყობილობის თუ რობოტის ამუშავება შეუძლია სწავლების პროცესით. სწავლებაში იგულისხმება, რომ ადამიანი უნდა დაჯდეს და პროგრამის დაწერის ნაცვლად, მოწყობილობას ასწავლოს, რა დროს როგორ უნდა იმოქმედოს“ – განაცხადა ალექსანდრე ხოხიაშვილმა. ანა შუბლაძის თქმით, მისი პროექტი „გაჟონვის აღმკვეთი მოდული“ საკმაოდ პრაქტიკული საჭიროებისაა და სხვადასხვა მილსადენებში ავარიული დაზიანების დროს უზრუნველყოფს დანაკარგის მაქსიმალურად შემცირებას. „გაჟონვის აღმკვეთი მოდული შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ, სითხეგამტარ ან აირგამტარ მილში და უზრუნველყოს ავარიის შემთხვევაში გაჟონვის მაქსიმალური აღკვეთა და დანაკარგის აღმოფხვრა“ – აღნიშნა ანა შუბლაძემ. აშშ-ში ქართველ მოსწავლეებს უნიკალური საშუალება მიეცემათ გაიცნონ ტექნიკურ მეცნიერებებში მსოფლიოში აღიარებული პროფესორები და გაიზიარონ მათი გამოცდილება, ამასთან ერთად წარმოადგინონ საქართველო და საკუთარი საინჟინრო პროექტები. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიების მიმართულების (STEM) განვითარება. ეს არის მომავალი პროფესიები, რაზე მოთხოვნაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კვლავ განაგრძობს STEM-ის მიმართულების წახალისებას და მათში ახალგაზრდების ჩართვას. საინჟინრო მიმართულებების კონკურსი, გამარჯვებული მოსწავლეების შერჩევა და აშშ-ში გამგზავრება ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების საგენტოს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოსა“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0