გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

21/01/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
მთავრობის მეთაურმა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასევე – საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს დაუთმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. პრემიერ-მინისტრები ასევე შეეხნენ სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, მიმართულებით. საუბრისას, დადებითად შეფასდა სავაჭრო ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე ესტონელი ვიზიტორების მზარდი რიცხვი საქართველოში. პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ იური რატასი საქართველოში მიიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0