გიორგი გახარია აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა

26/10/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. განხილვის თემას, ასევე, წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხიც განიხილეს.
ჯონ ბოლტონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად რჩება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0