გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა

30/11/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბური მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბური მეტრამდე. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0