ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც მომავალი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებენ მაქსიმალურად არის მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და არსებულ გამოწვევებს რეალურად პასუხობს. როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა პოზიტიურ დინამიკას და გარკვეულ ხელშესახებ ცვლილებებს მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული განვითარება, გამწვანება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება იქნება.
„ვაკის რაიონის 2018 წლის ბიუჯეტში ასახულია ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ არაერთხელ გავაჟღერეთ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას. ზოგადად, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სწორედ, თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული და მაქსიმალურად არის ორიენტირებული არსებული გამოწვევების დაძლევაზე. ბუნებრივია, ერთ წელში ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, თუმცა პოზიტიური დინამიკა უნდა იგრძნობოდეს, რისთვისაც ჩვენ ძალას არ დავიშურებთ. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, განხორციელდება რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ქავთარაძესა და ნუცუბიძის ფერდობზე. მოეწყობა ახალი და რეაბილიტირდება არსებული სკვერები ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, გარდა ამისა, დიდ ყურადღებას დავუთმობთ სპორტული მოედნებისა და ფიტნეს ზონების მოწყობას. ბიუჯეტში კონკრეტული თანხებია გამოყოფილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ნუცუბიძის IV პლატოზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუხსნის“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუჯეტის პარამეტრების წარდგენისას ადგილობრივ მცხოვრებლებს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი და რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.