თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხორვატიის, პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის ქალაქების მერებთან და რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად კრაკოვში მიმდინარე ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ევროპულ კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა მაქსიმალურად მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ქვეყანას, გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.
კონგრესზე სამ ქვეყანას, კერძოდ, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებაზეც ისაუბრეს და მათი ევროკავშირთან ეკონომიკური, კულტურული, ასევე ბიზნესის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთთანამშრობლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
გამომსვლელებმა პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობის კუთხით თვითმმართველობების როლზე, მიმდინარე რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
,,ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნების წინაშე მდგარი პრობლემები განსხვავებული ხასიათისაა, თუმცა მთლიანობაში მაინც ერთი საერთო ამოცანის წინაშე ვდგებით, თუ როგორ გავზარდოთ თვითმმართველობის როლი და როგორ მოვახდინოთ მოსახლეობის აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და წახალისება ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ და კონგრესის მონაწილეებმა ისეთ თემებზეც ისაუბრეს, როგორიცაა თვითმმართველობების როლის გააქტიურება რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობაში, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და საინვესტიციო გარემოს ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.
გიორგი ალიბეგაშვილმა კრაკოვში მიმდინარე ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს წევრები: რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, იოსებ მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და სხვადასხვა თემებზე დაგეგმილ პანელებში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილი ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
08/04/2016