გიორგი აბაშიშვილი ‘’სამოქალაქო ქმედების სკოლა“ მონაწილეებს შეხვდა

05/02/2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო ქმედების სკოლა“ მონაწილეებს შეხვდა და დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმების თავსებადობის საკითხებზე დისკუსია გამართა.
,,თუ ქვეყანას სურს განვითარება, მიუხედავად მმართველი პოლიტიკური ძალების შიშისა პოპულარობის დაკარგვის შესახებ, აუცილებელია, რეფორმების განხორციელება და ამ თვალსაზრისით ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, მათი მოტივაცია ძალიან მაღალია. ფაქტია, რომ ქვეყანაში რეფორმების სურვილი და მოთხოვნა არსებობს“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტის მიზანი სტუდენტური პლატფორმის შექმნაა, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს შორის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, მიმდინარე პროცესების გაანალიზებასა და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში იგეგმება მულტიდისციპლინარული კურსის შემუშავება, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, და ჩართავს მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის აქტიურ ახალგაზრდებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0