გივი მიქანაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

31/07/2022

​ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში, სადაც საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. გივი მიქანაძის განცხადებით, საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პოპულარიზაციას, თითოეულ მოქალაქემდე უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კიდევ უფრო ინტენსიურად მიტანას და ზოგადად, პროცესში მოქალაქეთა კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის ინიციატივა გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმაში და სწორედ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და აპარატი განახორციელებს გეგმას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის აქტიურ მონაწილეობაზე იმ საკანონმდებლო პროცესებში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ახორციელებს. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი მონაწილეობდა სამოქმედო გეგმის განხილვა – შემუშავებაში და იმ გამოცდილების გაზიარებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაგროვილი. ჩვენ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმისთვის, რომ ეს პროექტები მაქსიმალურად შედეგიანი იყოს და ჩვენის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური ჩართულობა“, – აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

​მისი თქმით, მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინიციატივით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს შორის გამოცხადდა კონკურსი – „იდეები უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის.“

„დღეს, ჩვენ ამ კონკურსის სამი გამარჯვებული მოსწავლე დავაჯილდოვეთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდებს შორის არის ინტერესი. ახალგაზრდებისთვის ეს არის ძალიან პრესტიჟული იმიტომ, რომ მათ მიერ წამოყენებული წინადადებები უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა არა მხოლოდ გეგმის ნაწილში, არამედ ის განხორციელდება და ახალგაზრდები ხედავენ სწორ მიმართულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების უფრო მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო პროცესებში. მისასალმებელია ისიც, რომ ეს კონკურსი ყოველწლიური იქნება და უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0