ძალიან ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მან საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ შორის, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობისა და ოპოზიციის სახელით შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, როდესაც მთელი საქართველო ერთიანია.
„ეს 25 წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო სავსე გამარჯვებებით, წარმატებებით და სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი მარცხიც, ბევრი ტრაგედია და ტკივილი, ამიტომ ძალიან ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენი სახელმწიფო არ არის მთლიანი, მაგრამ ეს მისია, მე მგონი, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაძლიერებს, მეტ შემართებას გვმატებს და გვამხნევებს, რადგან ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მოქალაქეებს ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს. ეს არის ყველაზე საპატიო ვალი, ჩვენი სამშობლოს დაცვა, გამთლიანება და მშვიდობის უზრუნველყოფა. 25 წელი ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ამაყად განაცხადოს: დიახ, ჩვენ გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია თავისი მისიის შესრულება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი მებრძოლები საქართველოს ისტორიაში წლების განმავლობაში გამორჩეული იყვნენ ინდივიდუალური გამარჯვებებით და დღეს გვჭირდება ორგანიზებული, ერთიანი და სახელმწიფოებრივად აწყობილი შეიარაღებული ძალები. მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი კეთდება და კიდევ ბევრი გაკეთდება.