გვირაბგამყვანი მანქანის (TBM-ის) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11/02/2021

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გვირაბის მბურღავი მანქანის (TBM-ის) დანადგარების ფოთის პორტიდან ტრანსპორტირების გამოწვევების გადაჭრის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე სატრანსპორტო კომპანიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის სამსახურის და საპროექტო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს TBM-ის დანადგარების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრულველსაყოფად ყველა საჭირო ტექნიკური თუ ლოგისტიკური საკითხი. ამასთან, სპეციალისტების მიერ უკვე ჩატარდა არაგაბარიტული ტვირთების გადატანისათვის აუცილებელი ხიდების გამოცდის სამუშაოები. ფოთის პორტიდან გვირაბგამყვანი მანქანის დანადგარების ტრანსპორტირება რამდენიმე კვირაში დაიწყება.
TBM-ის საშუალებით 9 კმ-იანი სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. გვირაბგამყვანი მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0