პარლამენტის ბიურომ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პირველი სხდომა გამართა და 2 – 5 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა.
„გვექნება ძალიან დატვირთული საგაზაფხულო სესია. კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ერთად გავაცნობთ. ასევე, რეგლამენტის თანახმად, ვგეგმავთ გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი მოისმენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. ბიურომ, დაამტკიცა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის) განრიგი. ბიუროს წევრებმა პლენარული სხდომების დღის წესრიგს დაამატეს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე) წარდგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტის წევრის, ავთანდილ ენუქიძის წარდგენის შესახებ. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა, მათ შორის, კანონის პროექტზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.