„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის.“ – ამის შესახებ რუსეთთან, ცენტრალ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა დირკ ვიზემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსიაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.
მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, მიიწევს დასავლეთისკენ და გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ხედვასა და პერსპექტივებს.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და დღევანდელ შეხვედრაზეც ვიხილეთ, რომ საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ. რაც დღეს მოვისმინეთ არის ძალიან პოზიტიური სიგნალი და რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ არის ის, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ამ გზას და ამ პერსპექტივას. შთამბეჭდავია, პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არსებობს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რასაც კვლევებიც ადასტურებს. 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირს და ევროპულ ფასეულობებს რომელსაც ვიზიარებთ, რაც შთამბეჭდავია იმასთან შედარებით, რომ ბევრ ევროკავშირის წვერ ქვეყანაში ეს მხარდაჭერა ძალიან დაბალია’-განაცხადა დირკ ვიზემ.
მისი განცხადებით, გერმანიის მხრიდან საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა ის რომ, გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერი პროგრამის დაფინანსება 14 მილიონი ევროდან 17 მილიონ ევრომდე იზრდება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს განავითარონ ურთიერთობები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობასა და ამ კუთხით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია გერმანიის მხრიდან. დირკ ვიზემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანიის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობა უვიზო რეჟიმის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არის გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას, რადგან მნიშვნელოვანია გავამყაროთ მოსახლეობას შორის კავშირები. ორივე ქვეყნის მთავრობას აქვს ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ მცირე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც უვიზო რეჟიმის პირობებში წარმოჩინდა“ -განაცხადა დირკ ვიზემ.
მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მისი განცხადებით მიმართულია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებისკენ.
„ეს არის შესაძლებლობა ვანახოთ ხაზის იქით მცხოვრებ მოსახლეობას, თუ როგორ პოზიტიურად ვითარდება საქართველო და როგორი პოზიტიური რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში“-განაცხადა მან. დირკ ვიზემ ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა და ის კონსტრუქციული ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. მან საქართველოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ამ პროცესში. „მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიორიულ მთლიანობას და გარწმუნებთ რომ ამ საკითხში ვართ თქვენი მჭიდრო მოკავშირეები“-აღნიშნა ვიზემ.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე პოზიტურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დივერსიფიკაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისკენ.
„დღეს თქვენ ცდილობთ ეკონომიკური თანამშრომლობის დივერსიფიკაციას, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებთან. ასევე, თქვენ ცდილობთ საქართველო იყოს დასავლეთ და აღმოსვალეთ ქვეყნების დამაკავშირებელი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი, ასევე ჩართულები ხართ ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. ვფიქრობ ეს არის კარგი შესაძლებლობა, თქვენი ეკონომიკის განსავითარებლად და ასევე იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ახლა გაქვთ, მათ შორის თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით. ვხედავთ, რომ ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს, რაც ასევე ხელს უწყობს თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო კარგ გზაზე დგას ევროპული ინტეგრაციის კუთხით“-აღნიშნა ვიზემ.
აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას და გერმანიის სამოქალაქო სექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის.