გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

27/04/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს, კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იოხიმ ბერტელეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მოახლოებული ვარშავის სამიტი იყო, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც.
„გერმანიის თავდაცვის სამინისტროში და კანცლერის ოფისში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ამ ვიზიტის ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მუშა მდგომარეობაში, დეტალურად გავიაროთ ის მოლოდინები, სამოქმედო გეგმა, რომელიც გვინდა, რომ საქართველომ ნატოს სამიტისგან მიიღოს. გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და მეგობარი. ამიტომ, გერმანიის პოზიცია პრინციპულად გადამწყვეტია ამ გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს როგორც პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან – დეპუტატებთან, პარლამენტის ხელმძღვანელებთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ხედვები იმ შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ველოდებით ვარშავიდან“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კანცლერის ოფისში შეხვედრით თინათინ ხიდაშელმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა, სადაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს ესწრებოდა.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რალფ ბრაუკსიპეს, კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0