გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

18/01/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მხარეები დიდ ძალისხმევას გასწევენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების მიმართულებით, რისთვისაც როგორც საქართველოში, ასევე საუდის არაბეთში სავაჭრო და ბიზნეს მისიები ჩატარდება.
შეხვედრაზე საქართველოს მხარემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია საინვესტიციო მიმართულებით. სტუმრებმა აღნიშნული ინფორმაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების დარგში თანამშრომლობაზე.
დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2018 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში 51,879 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2013 წლიდან მოყოლებული ზრდის დინამიკით ხასიათდება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის ამოქმედების საკითხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0